ნინო ლარცულიანის "სნოში ნათქვამი ლექსები" და სხვა (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან) ნინო ლარცულიანის "სნოში ნათქვამი ლექსები" და სხვა (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან) /> "/> " />


  11:12:42     11-07-2011

ნინო ლარცულიანის "სნოში ნათქვამი ლექსები" და სხვა (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)

დღეს პრესა.გე-ს მკითხველს გავაცნობთ პოეტსა და ლიტერატურათმცოდნეს (თარგმანთმცოდნე) ნინო ლარცულიანს. მას საინტერესო და ლამაზი ლექსები აქვს, რომლებმაც მიიქცია ჩვენი ყურადღება რელიგიური თემატიკით და ორიგინალურობით.

მოვუსმინოთ, რას გვიამბობს თავის თავზე და თავის შემოქმედებაზე თავად ნინო:

"დავიბადე 1976 წელს რუსთავში. 1999 წელს დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტი, შემდეგ ასპირანტურა და დავიცავი სადოქტორო დისერტაცია ვაჟა-ფშაველას პოემათა რუსულ თარგმანებზე, ანუ ვიწრო სპეციალობით თარგმანთმცოდნე ვარ.

ლექსებს მანამდე ვიგონებდი, ვიდრე წერას ვისწავლიდი, ანუ რაც თავი მახსოვს, სულ პოეზიაა ჩემთან. ვწერდი ასევე პატარა მუსიკალურ კომპოზიციებს, სიმღერებს, საბავშვო მიუზიკლებს, ზღაპრებს, პატარა მოთხრობებს. ჩემს შემოქმედებას ვაქვეყნებდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, მეგობრებთან ერთად ვაწყობდი ლიტერატურულ საღამოებს. 

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჩემს გულსა და გონებზე ყველაზე წარუშლელი კვალი მაინც თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიასა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტთან ურთიერთობამ დატოვა. საღვთისმეტყველო ლიტერატურას დაწაფებული ვესწრებოდი: ხელოვნებათმცოდნეობის, ახალი აღთქმის, ძველი ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ეკლესიის ისტორიის ლექციებს. ამ სასწავლებელმა ახალი კარი გაუხსნა ჩემს ცნობიერებას და მომცა არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნა ცხოვრებისა. ამას თან ერთვოდა ბედნიერება მის უწმინდესობასთან თითქმის ყოველკვირეული შეხვედრებისა. სწორედ ამ შეხვედრებმა განაპირობეს ჩემი პირველი კრებულის გამოცემა (“ლაზარე, გამოდი!”), რომელიც ჩემს უსაყვარლეს პატრიარქს ეძღვნება.

წინა ზაფხულს მქონდა ბედნიერება სამი დღით ვსტუმრებოდი ჩვენი პატრიარქის მშობლიურ სოფელს – სნოს, სადაც მისივე კურთხევით დაიწერა ლექსი წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასალზე.

არ შემიძლია, ასევე არ ვახსენო სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდი და მისი უნიჭიერესი რეგენტი ილია ოსეფაშვილი, რომელმაც ჩემს ლექსს, “მზე შინა ანუ ღვთისმშობლის საგალობელი” დაუწერა ულამაზესი მელოდია და მგალობელ ვაჟთა ოცდაოთხკაციან გუნდში ააჟღერა.

ასევე, ჩემი ლექსისთვის, “ლაზარე”, კომპოზიტორმა რუსუდან ბიწაძემ დაწერა ძალიან ლამაზი მუსიკა.

რაც შეეხება საერო თემატიკის ლექსებს, მსმენელს, ალბათ, მოსმენილი ექნება მუსიკალური ჯგუფის “რეგიონის” მიერ შესრულებული სიმღერა “თივა-თივა”, რომელიც ჩემი ლექსის, “ხელთათმანის” მიხედვით შეიქმნა და რომლის მუსიკალური ვარინტი რეჟისორსა და მომღერალ ლაშა ნოზაძეს ეკუთვნის.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე ძალიან ჩემს ლექსზე დაწერილი სიმღერის მოსმენა მახარებს. ამჯერად ვმუშაობ უნივერსიტეტ “რვალში” და სამრევლო სკოლა “მთაწმიდელში”, სადაც გვაქვს ლიტერატურული სალონი და ვეწევით ძალიან საინტერესო შემოქმედებით ცხოვრებას. ჩვენს სალონის წევრობა და ჩვენთან სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია."

სანამ ნინოს სალონს ვეწვეოდეთ, მისი ლექსები წავიკითხოთ:

ქრისტეს მეგობარი

თითქოს ბავშვი ვარ და
ქრისტე აქვე ცხოვრობს,
აგერ, ღობის მიღმა,
ხეს თლის იოსები,
და ზედ შალაშინს რომ
სწორად გადაუსვამს
დასცქერს ბურბუშელებს
მშვიდად ღვთისმშობელი...

ღამით თბილი რძე რომ
ატკბობთ ნამუშაკევთ,
თურმე მეც იქა ვარ,
მალვით კარს მომდგარი..
ქრისტეს ვუყვარვარ და
ჩემკენ მოაშურებს,
სახლში შემოვყავარ
სიყრმის მეგობარი...

ამ დროს გულისცემის
ცხელი ბიძგებიც კი
ცემენ გამალებით,
ცხენის ფლოქვებივით,
თითქოს უშენობა
ერთად შევკონე და
ცეცხლში მოვისროლე
ძველი ფურცლებივით!

თითქოს ბავშვი ვარ და
ქრისტეს მეგობარი
და მან დაკარგული
ისევ მომიძია,
სული უშენობის
სევდით ავად არი,
და მე უშენობა
აღარ შემიძლია!

"მზე შინა" ანუ ღვთისმშობლის საგალობელი

დავდივარ მეხის პერანგით,
დავეხელები შენს ნახვას,
მზით დახურული ქვეყანა
- შენა ხარ!

შეთვალებული ყურძენი,
მტევნებით სავსე ხელადა,
მზით დახუნძლული ვენახი
- შენა ხარ!

მზით ავსებულო ბარძიმო,
ცოდვა ტანთ შემოვიხიე,
"უკვდავებისა წყაროის
გემოი -რაკი - ვიხმიე"!

"მზე შინას" საგალობელო,
მზის ცხრავე თვალის სინათლევ,
ცის სარტყელ-საგრილობელო,
ღვთისმშობლის ცრემლთა ზედაშევ...

დაპკურებიხარ ღაწვებზე
გზად მიძინებულ ნინოსა,
და ხელში ჯვარი ვაზისა
შენეულ თმით შეგიმოსავს!

ვარ მოსავალი ქვე-ყანის,
შენ ზე-ყანისთვის მინახავ,
მომმკელი ჩემი პატრონი
ყრმა - შენს მკლავებში მინახავს!

დავდივარ მეხის პერანგით,
დავეხელები შენს ნახვას,
მზით დახურული ზეყანა
და ცისარტყელა
- შენა ხარ!

სნოში ნათქვამი ლექსები

I სერია

დარიალზე ნათქვამი
(ექსპრომტი)

დარიალო, დიდებულო,
ცაში ოქროს მზის მშობელო,
დარიალი კარიბჭეა,
გამოხსენი, ღვთისმშობელო,

გამოხსენი, მობრძამდება,
შენი - ძე და ჩვენი - მხსნელი,
სიკვდილითა სიკვდილისა
საუკუნოდ დამთრგუნველი,

ჰარალო და დარიალო,
აქ ღვთის შვილნი არიანო,
თერგი ქუხს და ცას შემღერის,
მთანი ბანი არიანო!

II სერია
(ბავშვობა სნოში)

სნოში ყოველთვის გელის ბალღობა,
შემოხვეული დედის მკლავები,
გულის თოვლივით ნელა გალღობა,
მამის თვალები, დიდი თვალები,

დიდი იმდენად, რომ დაგიტიოს,
ხელებგაშლილიც მასში ვიდოდე,
და უსასრულოდ ასე იარო,
ვიდრე მეცხრე ცად არ ახვიდოდე,

აგერ, ღობესთან, შემოგძახებენ
თმააქოჩრილი გოგო-ბიჭები,
ერეკლეეე! – წამო, მთებზე ავიდეთ!
(გულზე შეხსნიათ ჭრელი ღილები)

პეპლის ფრთებივით აფრთხიალებენ
მაღლა აზიდულ ოქრო-წამწამებს,
მზებუდობა აქვთ ჯანსაღ თვალებში,
მხოლოდ ცელქობის ფიქრი აწვალებთ!

სნოში ტერფებსაც გიკოცნის მიწა,
ჰაერს ბალახის ასდის სურნელი,
წყალმა მთებიდან შენამდე ზიდა
ბუნების სიტყვა, გამოუთქმელი...

სნოა ცის კვირტში მზის დაბადება,
შვიდი წლის ბალღის ლაღი ღიმილი,
შრომით დაღლილი ქალების სუნთქვა,
მწყემსი კაცების ღიღინ-ღიღინი,

სნოა სინაზე და მოფერება,
დედის და მამის ლოცვა შენდობის,
სნოა ზანზარი და შეტოკება
ვახტანგ გორგასლის მთებზე შედგომის!

III სერია

(ვახტანგ გორგასალი)

ჯავშანშემორტყმული ვახტანგ გორგასალი
მეფური ნაბიჯით სნოში ამობრძანდა,
ფარით – მზეჯავარა, ცეცხლურა – მახვილით,
მზერის ნაპერწკლები ზედ შემოგვაყარა:

„როგორ დაგიშლიათ ჩემი საქართველო
მიწის გოროხებიც კი შემომტირიან,
მკერდში გული გიძგერთ მხოლოდ სანახევროდ,
გემი დაგიტოვეთ, ახლა კი – ტივია!

მარტო არ მოვსულვარ, თან ჩამოვიყოლე
მთელი საქართველოს დიდების ამალა,
მთაში ამოვსულვარ, ქუდზე კაცს გიბარებთ,
ჩემს ირგვლივ შეკარით ცოცხალი კამარა!

ვაჟნო! - არ შეშინდეთ, მზის გული ჩაიდგით,
ტანს აბჯრად აისხით რწმენა მომავლისა,
დედავ, წმინდა ნინოს სამოსი ჩაიცვი,
სახე დაიბრუნე ქართველი ქალისა!

ბალღო, ახლა გმართებს მთელი გულოვნება,
ვიდრე ცოდვით ნათესს – ცის რისხვად მოიმკი
ლოცვად შეუდექი ცას და სარეველას
ნაცვლად ამოიყრის სამოთხის ყვავილი!

დღეს აქ ცა და მიწა ქართული შეერთდა,
ჩვენ გადაშენება ხომ არ გვიწერია,
ახლა ერთად ყოფნის დღეები მოვიდა,
ხალენი მოგვასხი წმინდაო ელია!

განა, ქრისტეს კვართზე იპოვით ნაკერებს?
ჩვენც გვმართებს ამგვარი ღვთიური ერთობა,
მორღვეულ სამშობლოს სულ შემოგიკერებთ,
ოღონდაც ითხოვეთ უფლისგან შენდობა!

ცოცხლად ჩამოვსულვარ და აღარ დაგტოვებთ,
ძე ვარ კურთხეული ქართული მიწისა,
გულებში ამ სიტყვებს გიწერთ და გიტოვებთ:
„ქართველნო, ეძებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა!“

0

ავტორი: